ფარული მიყურადება

წულუკიანი: მე ვთვლი, რომ პრეზიდენტის ვეტო ძალიან აჭიანურებს პროცესს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ფარულ მიყურადებაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. მისი თქმით, ის ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარს უჭერს.

"მე ვთვლი, რომ პრეზიდენტის ვეტო ძალიან აჭიანურებს პროცესს. ერთი დღე ძალიან დიდი დროა, იმიტომ, რომ ზეგ უკვე ჩვენ სამართლებრივ ვაკუუმში ვიქნებით და იმედია, რომ ვეტო იქნება დაძლეული, რადგან მოსამართლის შემოყვანა ამ პროცესში არ არის საჭირო და არასწორია.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტთა პაკეტს აქვს ჩემი მხარდაჭერა იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს არის ის მოდელი, რომელიც მე იუსტიციის მინისტერს მგონია, რომ ჩვენი ინსტიტუტების დღევანდელ პირობებში არის საუკეთესო. ჩემი მიზანი იყო, რომ შსს არ ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ჩაკეტილ კარებს მიღმა ხორციელდება სხვადასხვა საგამოძიებო ფარული ქმედებები და არავის არ მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ხელი. ეს ამ კანონპროექტით არის მოგვარებული და ინსპექტორი, რომელიც ჩვენ გვყავს, გვყავს სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი პირადი და ოჯახის ცხოვრების დაცულობა მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს. შსს-ს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის გამომძიებლები შეძლებენ ჩართონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ვინმეს ტელეფონი, თუკი ამის თანხმობას მისცემს ინსპექტორი. დღეს ინსპექტორს ამის ტექნიკური საშუალება არ აქვს, მაგრამ ამიტომ შეიქმნა კანონი და კანონს უნდა შეესაბამოს პრაქტიკაც", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ მიყურადებაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. მან შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

კომენტარები