ფარული მოსმენები

პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge
საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ გუშინ მიღებულ კანონპროექტს, ვეტო დაადო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე, ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული". პრეზიდენტი საკუთარ შენიშვნებს პარლამენტს გადაუგზავნის, რომლის მიხედვითაც, "მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას და ფაქტობრივად იმას, რასაც ჰქვია გახსნა ამ მიყურადების, გასაღების გადატრიალებას, რომ კონკრეტული მიყურადება განხორციელდეს, გასცემს სასამართლო, ხოლო ამ პროცესის ზედამხედველი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი".
 
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "ეს არის მოდელი, რომელშიც ფუქნცეიბი სწორად არის გადანაწილებული და უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებათა შორის და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული".
 
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, მოსმენების შესახებ კანონპროექტის შემუშავება-მიღების პროცესით. მისი შეფასებით, "აქ იყო აქტიური ჩართულობა პოლიტიკური ძალების, დებატები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. აქ იყო ის, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია. ყველა მხარე ცდილობდა საკუთარი წვლილის შეტანას უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში".
 
შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების შესახებ სესიაშვილი-ფოფხაძე-ბესელიას შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა 73 ხმით მიიღო. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება, რასაც დეპუტატები პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, 14:00-ზე შეეცდებიან.
 
ერთი თვის წინ, პარლამენტის მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენების შესახებ კანონის მომზადება რამდენიმე თვით გადაიდო, პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო.

კომენტარები