თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პეტრიაშვილი: დიპლომატიურ კორპუსს კარგად ესმის ჩვენი მოთხოვნა გრიფის მოხსნაზე

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

"რაც უფრო მეტად იწელება გრიფის მოხსნის საკითხი, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს პროცესი რეალურად არის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და აგორებულია კამპანია ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. ასევე, რაც უფრო მეტად იწელება ეს პროცესი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ ე.წ. კაბელების საქმე აუცილებლად ჩამოიშლება და საპნის ბუშტივით გასკდება", - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას იმის შესახებ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის და ბრალდებულების დაცვის საშუალება არ ეძლევათ. პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანია რამდენიმე დღეში კანადაში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებს. მისი თქმით, კანადაში უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ალასანია შეხვედება აშშ-ის, NATO-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე აპირებს ჩასვლას ვაშინგტონსა და ნიუ იორკში.

"ირაკლი ალასანიამ მიმართა პროკურატურას და ყველას, ვინც უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჯერ კიდევ არის დრო, ადვოკატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად გაეცნონ მასალებს და დაიცვან ბრალდებულები. თუ კიდევ უფრო გაიწელება ამ შესაძლებლობის მიცემა, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია გარდა იმის, რომ უფრო მაღალი დონიდან საერთაშორისო თანამეგობრობის, ვიმუშაოთ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ბუნებრივია არავინ და ვერავინ ჩაერევა. გამოძიებით ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებული, მაგრამ არათანაბარ პირობებში ჩაყენება აშკარად მიუთითებს იმისკენ, რომ პროკურატურას რეალურად ეშინია საქმის მასალების ადვოკატების ხელში მოხვედრის. ვინაიდან ეს საქმე ჩამოიშლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხიც. ვესაუბრეთ დიპლომატიურ კორპუსს ამ მიმართულებით, მათ კარგად ესმით ჩვენი მოთხოვნა, რომ ეს გრიფის მოხსნა, ხელს შეუწყობდა ადვოკატების მხრიდან თავის დაცვის ქვეშ მყოფების ნორმალურ ვითარებაში დაცვას. ჩვენ საერთაშორისო ასპერეზზე, საერთაშორისო კონტაქტებში, მეგობრებთან, ნებისმიერ შემთხვევაში ვისაუბრებდით განვლილ პერიოდსა და აგორებულ კამპანიაზე, მაგრამ ახლა კონკრეტულად დავაყენებთ საკითხს, რომ ადვოკატებს შეექმნათ დაცვის შესაძლებლობა. ვესაუბრებით ყველა იმ ადამიანს, როგორც ადმინისტრაციიდან, ისე საკანონმდებლო შტოდან აშშ-ის ხელისუფლების, რომელსაც აქვს სერიოზული სიტყვა და პოზიცია საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ლიდერს. მიგვაჩნია, რომ  ისინი საქმის კურსში უნდა იყვნენ ამ პროცესზე. ასევე ანალიტიკური და საექსპერტო წრეებიც ძალიან დიდი ინტერესით ელიან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას, რადგან მათთვისაც არ უნდა დარჩეს არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი", - განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ "პრინციპული მნიშვნელობა აქვს, გაეცეს კითხვებს პასუხი და გამოვლინდეს ის პასუხისმგებელი პირები, რომელმაც ეს ყველაფერი ააგორა და ეს პროცესები აქეთ წაიყვანა".

კომენტარები