პრეზიდენტი პარლამენტში

პარასკევს, 12:00-ზე პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოვა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

პარასკევს, 14 ნოემბერს, 12:00-ზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ბიუროს სხდომაზე შეთანხმდნენ. კვერენჩხილაძის ინფორმაციით, ფორმატი ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია, თუმცა ცნობილია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, რის შემდეგაც, სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვა.

როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა, პარლამენტისადმი მიმართვის მთავარი აქცენტი სახელმწიფოს ევროატლანტიკური კურსის მდგრადობის საკითხია. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა 5 ნოემბერს მოუწოდა მთავრობას და პარლამენტს, მთავრობის უახლოესი სხდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და NATO-სთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ შედგეს. პრეზიდენტმა თქვა, რომ საკითხის განხილვას დაესწრება თავად და უშიშროების საბჭოს მდივანი. მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილიმა თქვა, რომ "მე პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დღესვე მზად ვარ ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის შენობაში და ვისაუბროთ ამ თემაზე". რაც შეეხება პარლამენტის პლენარულ სხდომას, უსუფაშვილის თქმით, "აქ კონსტიტუციით და კანონით დადგენილია ძალიან კონკრეტული პროცედურები და მექანიზმები და მე ვისურვებდი, რომ სწორედ ამ მექანიზმებით და კონკრეტული პროცედურებით მოხდეს ყველა შემოთავაზებც და გადაწყვეტილების მიღებაც. დეტალებისგან თავს შევიკავებ, ალბათ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უფრო დეტალურად გაგვაცნობს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ მომართვაში და კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია პარლამენტის შენობაში მოსვლა. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის თუ მთავრობის წევრის გამოსვლას, ეს კანონით რეგულირდება და არ არის ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული".

კომენტარები