კრიზისი კოალიციაში

დოლიძე: საპარლამენტო თანამდებობებს საკუთარი ინიციატივით არ დავტოვებთ

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები საკუთარი ინიციატივით საპარლამენტო თანამდებობებს არ დატოვებენ. მისი თქმით, ეს პოლიტიკური ბერკეტი უნდა გამოიყენოს ყველა პარტიამ. როგორც დოლიძემ აღნიშნა, "ჩვენით თანამდებობის დატოვება უპასუხისმგებლობა იქნება". 

"ჩვენ ჩვენით საპარლამენტო თანამდებობებს არ ვტოვებთ, ეს სწორედ ის პოლიტიკური ბერკეტია, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა გამოიყენოს ყველა პარტიამ, მათ შორის - ოპოზიციამ. თუ ისინი ჩვენს გადაყენებას გადაწყვეტენ, ბუნებრივია, შესაბამისი პროცედურების თანახმად, ეს მათი ნებაა და რას ვიზამთ, მაგრამ ჩვენით თანამდებობის დატოვება, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობა იქნება. ეს აღმასრულებელი რგოლი არ არის, ეს არის საპარლამენტო ტრიბუნა, საიდანაც უნდა იბრძოლო და იმუშაო. მით უმეტეს ჩვენი მიმართულებით, სადაც ახლა რატიფიკაციის პროცესია დაწყებული, ევროპარლამენტში რეზოლუციაზე ვმუშაობთ. რომ დავტოვო, პასუხისმგებლობას გავექცე? ეს არ მჩვევია", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა, პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნება დატოვა.

კომენტარები