კრიზისი კოალიციაში

ენმ: ბერუჩაშვილმა განმარტოს, ორი სხვადასხვა ტიპის განცხადება რატომ გააკეთა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ გააკეთა ერთი დღის განმავლობაში ორი სხვადასხვა ტიპის განცხადება. ცნობისთვის, 5 ნოემბერს, მაია ფანჯიკიძესთან ერთად გადადგომის შესახებ მისმა მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმაც განაცხადა, თუმცა, მეორე დღეს აღნიშნა, რომ პრემიერთან საუბრის შემდეგ, თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

"მან ალბათ პირველ რიგში საზოგადოებას უნდა აუხსნას, რამ გამოიწვია ერთი დღის განმავლობაში მისგან ორი სხვადასხვა გზავნილის მოსმენა. ითქვა, რომ ქვეყანა იღუპება და ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა ხდება და მეორე დღეს უცბად, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილს ელაპარაკა, აცხადებს, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი ნორმალურად არ არის", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დღეს წარადგინა. ახალმა მინისტრმა დღეს აღნიშნა, რომ გადადგომის და ევროპული კურსის ცვლილების საფრთხის შესახებ მისი სიტყვები ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა იყო.

კომენტარები