კრიზისი კოალიციაში

ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა. ის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძის ყოფილი მოადგილეა. აღსანიშნავია, რომ ბერუჩაშვილი 1998-2000 წლებში საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრიც იყო.

შეგახსენებთ, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში 4 ნოემბერს დაიწყო, როდესაც პრემიერმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებებისა და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზების ბრალდებით, თანამდებობიდან მოხსნა. ალასანიას გადაყენებას კიდევ 2 მინისტრის - ალექსი პეტრიაშვილისა და მაია ფანჯიკიძის გადადგომა მოჰყვა. მათ თავიანთი გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის მოახლოების და ხელისუფლების ევროპული კურსის ცვლილების დანახვის მიზეზებით ახსნეს. 

აღსანიშნავია, რომ ფანჯიკიძესთან ერთად, გადადგომის შესახებ, მისმა მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმაც განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია. თუმცა, მეორე დღეს, ბერუჩაშვილმა თქვა, რომ პრემიერთან საუბრის შემდეგ, პოსტზე დარჩენა გადაწყვიტა. დღეს მან აღნიშნა, რომ მისი სიტყვები ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა იყო.

თამარ ბერუჩაშვილი 1990-1992 წლებში საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტი იყო. 1994-96 წლებში მუშაობდა იმავე სამინისტროში. ასევე იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე და შემდეგ მინისტრი. 2000-2004 წლებში იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო მინისტრების მოადგილის პოსტს. 2004 წელს იყო სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2011-12 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი. ასევე მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. 2013 წლის 1 აპრილს ბერუჩაშვილი კვლავ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ბერუჩაშვილი 1978-1985  წწ. მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში სწავლობდა. ეს უნივერსიტეტი ხშირად გამოიყენებოდა KGB-ს მიერ სტუდენტების რევოლუციურ ჯგუფებში ჩასაბმელად. მისი ბევრი კურსდამთავრებული ექსტრემისტული მოძრაობების წევრი გახდა.

კურსდამთავრებულთა შორის არიან: ანა ჩეპმენი - რუსეთის დაზვერვის ოფიცერი; ალი ხამენეი - ირანის უზენაესი ლიდერი; ილიჩ რამირეზ სანჩეზი (Carlos the Jackal) - ვენესუელელი ტერორისტი და მკვლელი; მაჰმუდ აბასი - პალესტინის ავტონომიის ლიდერი; ალექსეი ნავალნი - რუსეთის ოპოზიციის ლიდერი; პორფირიო ლობო - ჰონდურასის პრეზიდენტი; მიშელ ჯოტოდია - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი; ჰიფიკეპუნიე პოჰამბა - ნამიბიის ყოფილი პრეზიდენტი.

კომენტარები