ფარული მოსმენები

IDFI: მოსმენებისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა შემცირებულია

ფარული მიყურადების ნებართვებზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა 2014 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია - ამის შესახებ IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) განცხადებაშია ნათქვამი.

IDFI-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014-2015 წლების ფარული მიყურადებების ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2014 წლის 9 თვის (იანვარ-სექტემბერი) განმავლობაში სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილულია 952 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 819. თუმცა IDFI სასამართლოსგან უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ითხოვს.

„სამწუხაროდ, გამოქვეყნებულ ინფორმაცია არ არის დეტალიზირებული, სტატისტიკაში არ არის მითითებული, თუ რომელმა ორგანოებმა (პროკურატურა, შსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) დააყენეს აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე, არ არის მითითებული, სატელეფონო საუბრების ფარულ მოსმენაზე იყო დაყენებული შუამდგომლობები თუ აღნიშნული სტატისტიკა ასევე მოიცავს მიყურადების სხვა მეთოდებსაც (მაგ. კავშირგაბმულობის არხიდან ან კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ)“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ფარული მიყურადების ნებართვებზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა 2014 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია

„მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წელს სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ მხოლოდ თბილისის პროკურატურიდან შესული იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს 5951 შუამდგომლობა, 2013 წლის პირველ 5 თვეში 1400 შუამდგომლობა, ხოლო 2014 წლის 9 თვეში ყველა საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ 952 შუამდგომლობა. სტატისტიკა აგრეთვე აჩვენებს, რომ შემცირდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც და თუ 2011 წელს ეს რიცხვი 99.86 % შეადგენდა, 2014 წელს სასამართლოებმა უკვე შუამდგომლობების მხოლოდ 86,03 % დააკმაყოფილეს“, - წერია განცხადებაში.

IDFI მიესალმება უზენაესი სასამართლოს მიერ OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას და მოუწოდებს სასამართლოს, გამოაქვეყნოს უფრო დეტალური მონაცემები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით.

„მონაცემები გამოქვეყნდეს შუამდგომლობის წარმდგენი კონკრეტული უწყებების მიხედვით;

გამოაქვეყნოს მონაცემები სხვა კავშირგაბმულობის არხებზე ფარული მიყურადების შესახებ;

მონაცემები გამოქვეყნდეს კვარტალურად, თვეების მითითებით;  

მონაცემები ჩაიშალოს სასამართლოების მიხედვით;

მონაცემები განთავსდეს ვებგვერდზე მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომ ადგილას, აღკვეთის ღონისძიებების სტატისტიკისაგან გამოცალკევებულად“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები