კრიზისი კოალიციაში

ბერუჩაშვილი: პრემიერთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თანამდებობაზე დავრჩე

NETGAZETI.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თანამდებობაზე დარჩეს. ბერუჩაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესი იქნება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, ბერუჩაშვილი ამბობდა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია. 

"მქონდა პირადი დეტალური საუბარი პრემიერმინისტრთან, რის შემდეგაც გადავწყვიტე და ვრჩები ჩემს თანამდებობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება შეუქცევადი პროცესი და ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულებაა, ჩემი გამოცდილება და კომპეტენცია მაქსიმალურად მოვახმარო ამ პროცესს", - განუცხადა თამარ ბერუჩაშვილმა ტელეკომპანია იმედს. 

გუშინ კი, თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძესთან და სხვა მოადგილეებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს არ შეუძლია მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების გარდა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ხედავს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია. 

"მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი 23 წლის პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაზე. დღეს არ შემიძლია სხვა გადაწყვეტილება მივიღო, რამეთუ ვხედავ, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია. იმედი მაქვს, ჩვენ მოგვეცემა საშუალება, გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული პრიორიტეტების განხორციელება. მინდა ვთქვა, რომ არსად არ მივდივარ, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ ამ თემას და ღრმად მწამს, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს მომავალი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. 

კომენტარები