კრიზისი კოალიციაში

უსუფაშვილი: ევროპულ კურსს საფრთხეს მხოლოდ მინისტრების გადადგომები უქმნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, "საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელი". ამის შესახებ უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე "სრული პასუხისმგებლობით" განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს პარლამენტი და ეს კურსი განსაზღვრული აქვს არაერთხელ, მათ შორის, 2014 წლის ივლისში, როცა დაამტკიცა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და მისი საქმიანობის პროგრამა.

"ყველა მოსაზრება, რომ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას, არის უსაფუძვლო. თუ რამე საფრთხე შეექმნა ამის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეებში ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით და ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით, რადგან წამყვანი სამინისტროები გარკვეული დროის განმავლობაში აღმოჩნდა ხელმძღვანელების გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ თანამდებობებს დაიკავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის და პოლიტიკური ხედვის ადამიანები და ქვეყანა განაგრძობს ევროინტეგრაციას, მათ შორის, უახლოეს კვირებსა და დღეებში დაგეგმილი საკითხების წარმატებით მოგვარებას, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობაში", - განაცხადა უსუფაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა შეიტანეს ქვეყნის განვითარებაში საგარეო პოლიტიკური მიმარულებით.

"მინდა, გამოვთქვა სინანული, რომ კოალიცია, პარლმენტს დ მთავრობას მათთან აღარ მოუწევს საქმიანობას. ჩვენ ამ მინისტრებთან ერთად დავამტკიცეთ მთავრობა და გვქონდა მათი იმედი, ჩვენ გვინდოდა, რომ ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და როგორც ზოგადად პოლიტიკოსს, ასევე მინისტრებს უწევთ პოლიტიკური არჩევანის გაკეთება" - თქვა უსუფაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებსაც. მისი თქმით, კოალიციისთვის ფრაქციის საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა მნიშვნელოვანი დანაკლისია. 

"მინდა, მის თითოეულ წევრს მოვახსენო მადლობა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის კედლებში შემდეგშიც ძალიან ბერ თემაზე ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ ქვეყნის სასიკეთოდ. რაც შეხება კოალიციას, უმრავლესობას, ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვმსჯელობთ, სამწუხაროა, რომ თავისუფალი დემოკრატები ამ მსჯელობას გამოაკლდნენ, ბევრი რამაა დასახვეწი, გასაუმჯობესებელი, ახალ საფეხურზე ასაყვანი, ამ მიმართულებით მე პირადად და ჩვენ რესპუბლიკელები, პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხეზე ფუნდამენტურ მსჯელობას. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, მომავალ კვირაში ვანახლებთ პლენარულ სხდომებს. გავაგრძელებთ ყველა კანონპროქტსა და დოკუმენტზე მსჯელობას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საგარეო პოლტიკური კურსი განსაზღვრულია პარლამენტის დადგენილებით 2013 წლის მარტში და ეს არის უცვლელი. მთავრობამ, პრემიერმა გააკეთა სათანადო განცხადება ამ მიმართულებით, რომ რაიმე გაუგებრობებს არ ჰქონდეს ადგილი. ვისურვებდი, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები  იყოს სერიოზული გაკვეთილი ყველასთვის, ვისაც ქვეყნის ინტერესები და ქვეყანა გვაინტერესებს. გვქონდეს იმის საშუალება, უნარები და ნებისყოფა, რომ საკითხები და პრობლემები მოვაგვაროთ ისე, რომ თუნდაც მცირეხნიანი პრობლემები არ გავუჩინოთ ქვეყანას და არ გაჩნდეს რაიმე კითხვები საერთაშორისო ასპარეზზე" - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები