კრიზისი კოალიციაში

პრემიერი ალასანიაზე: ერთი ავანტიურისტი და უჭკუო მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "რეალურად, არაფერი ხდება - ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა". როგორც მან მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, ერთადერთი მინისტრი, "რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაა.

"ბიზნესიც შეშფოთებულია და აინტერესებს, რაიმე ხომ არ ხდება. რა თქმა უნდა, არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტურისტებისაც კი არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები, მე მათ გულწრფელობაში ვარ დარწმუნებული. სამწუხაროდ, ისინიც მოატყუეს, დიდ შეცდომას ჩადიან, რადგან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ჩადენილ შეცდომასთან. მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლება და ჩვენი სიძლიერე გამოიხატება სწორედ ჩვენს დემოკრატიულობაში. ჩვენი ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვექმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ არ არსებობს არავითარი კრიზისის საშიშროება და საფრთხე.

"ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობას. მეორე მხრივ, ცუდიც არ არის ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რაც საწყენია. გუშინ რაც გააკეთეს, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგვიწევს კიდევ ერთი-ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა ნაციონალებს, იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები