კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: საგარეო საქმეთა მინისტრის სამი მოადგილე თანამდებობაზე რჩება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე, დავით ზალკალიანის გარდა, თანამდებობაზე რჩება. როგორც ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, ჯალაღანიამ, ბერუჩაშვილმა და გურგენიძემ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს. 

"თუნდაც ის, რომ ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა მცდელობა, დემონსტრაციულად თან გაეყოლა მისი მოადგილეები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უპატივცემულობას ჩვენდამი, ჩვენი გუნდისადმი. მე გუშინ შევიტყვე და დღეს დამიდასტურეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა, რჩებიან ადგილებზე. მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო უცხოეთიდან სტუმრებს ელოდება და ქვეყნის სირცხვილი იქნებოდა, რომ მათ საგარეო უწყებაში არავინ დახვედროდა. 

"დღესაც გვყავს უცხოეთიდან სტუმარი, ხვალაც ველოდებით ორი უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს და სამარცხვინო იქნებოდა, რომ არავინ დახვედროდა მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს იქნებოდა მორიგი სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება", - თქვა ღარიბაშვილმა.

გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, ლევან გურგენიძემ და დავით ჯალაღონიამ თანამდებობები დატოვეს. მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი წლის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, "რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ჩვენი მომავალი საქმიანობა, არამედ ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება". ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და მას არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვაგვარად მოიქცეს.

ამასთან, გუშინ საღამოს დავით ჯალაღონია, რომელიც ბრიფინგზე უცხოეთში ვიზიტის გამო არ იმყოფებოდა, მაესტროს ცხრიანში ჩაერთო და განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება. მისი თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი დაუკავშირდა და თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა.

"პრემიერისგან მივიღე დავალება, რომ დავალებების შესასრულებლად, გავაგრძელო საქმიანობა ჩემს ადგილზე დროებით. მე ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ არ გავითვალისწინო ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი საჭიროებები და ამოცანები", - განაცხადა ჯალაღანიამ.

კომენტარები