კრიზისი კოალიციაში

ალასანია: ენმ-სთან პოლიტიკურ კავშირში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით

თავისუფალი დემოკრატები ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პოლიტიკურ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ალასანიას თქმით, ის არ გამორიცხავს კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას. 

"ჩვენ პარტნიორებს მომავალშიც ვხედავთ კოალიციის ძალებში. კოალიციის ძალებში არის ლიბერალური მიმართულების პარტიები, რომლებიც მონათესავე ორგანიზაციები არიან და გვაქვს ძალიან მჭიდროდ ჩამოყალიბებული თანამშრომლობა, თუნდაც რესპუბლიკური პარტია, რომელთანაც გვაკავშირებს ღირებულებითი ძალიან დიდი ერთობა. რაც შეეხება ზოგადად მომავალში ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ერთი რამ, რაც შემიძლია ძალიან ცხადად და ძალიან ცალსახად გითხრათ, თავისუფალი დემოკრატები ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პოლიტიკურ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი მმართველობის დროს ეს ქვეყანა", - განაცხადა ალასანიამ. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გადაცემა არჩევანის გუშინდელ ეთერში საპარლამენტო უმცირესობასთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ისი თქმით, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პარტნიორებს ყველაში ხედავს, ვისაც აქვს გამოცდილება და ნაბიჯები გადაუდგამს. 

კომენტარები