კრიზისი კოალიციაში

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მოუწოდებს, პარლამენტში სხდომა მოიწვიოს

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს პარლამენტში სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოში სერიოზული, მძიმე კრიზისია, არის ანექსიისა და ახალი ტერიტორიების ოკუპაციის საფრთხე და იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ ჩამოიშალოს და ქვეყანა მშვიდად და სტაბილურად განვითარდეს, მსჯელობა უნდა გაიმართოს.

"ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც განხილული იქნება ზემოაღნიშნული პრობლემები და შევეცდებით, ყველამ, ვისაც გვაქვს შეგნებული მდგომარეობის სირთულე, და ამ პრობლემების სიმძიმე, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მშვიდობიანად და სტაბილურად განვითარებას", - განაცხადა ბარამიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, როგორ მიაქანებს ივანიშვილი საქართველოს კატასტროფისკენ, მით უფრო კარგი იქნება. გაბაშვილი ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკასთან ავლებს პარალელს.

"ეს არის ზუსტად ის გზა, რომელიც გამოიარა იანუკოვიჩმა, თავიდან პროდასავლური ლოზუნგებით და ბოლოს ღია გადახვევით პროდასავლური კურსიდან, იგივეს აკეთებს დღეს ივანიშვილის ხელისუფლება და თუ დღეს მინისტრები, პრეზიდენტი, პარლამენტის უმრავლესობის წევრები ამას ხვდებიან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით", - თქვა გოკა გაბაშვილმა.

დავით საგანელიძის გუშინდელ განცხადებას კი, რომ პრემიერმინისტრმა პარტიის წევრებს თავდაცვის მაღალჩინოსნების იმ საქმის მასალები გააცნო, რომელსაც გრიფი ადევს, სისხლის სამართლის კანონის დარღვევად აფასებს ლევან ბეჟაშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში მინისტრები და პრემიერმინისტრი პროკურორებად არიან გადაქცეული.

"პრემიერმინისტრმა, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო სუბიექტს, გააცნო მასალები უმრავლესობის წევრებს, სლაიდები აჩვენა და ა.შ. ეს არის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა და მე ვეკითხები საქართველოს პროკურატურას, მაშინ როცა საქმეში მონაწილე ადვოკატებს არ აქვთ სისხლის სამართლის საქმე ნანახი, რა სტატუსით ეძლევა ეს საქმე პრემიერმინისტრს. ეს ქმედება უკვე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

კომენტარები