თავისუფალი დემოკრატები

პეტრიაშვილი: ენმ-სთან არანაირი თანამშრომლობის პერსპექტივას არ განვიხილავთ

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, პარტია თავისუფალი დემოკრატები ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან "არანაირი თანამშრომლობის, პარტნიორობის, მოკავშირეობის" პერსპექტივას არ განიხილავს. პეტრიაშვილის თქმით, ენმ-ის მსოფლმხედველობა და წარსული "არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ჩვენ ვერთგულობთ". ამასთან, პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები ერთნაირად ითანამშრომლებენ როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მხარს დაუჭერენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას და NATO-ში გაწევრიანებას. საპარლამენტო უმცირესობასთან თანამშრომობაზე ისაუბრა გადაცემა არჩევანის გუშინდელ ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პარტნიორებს ყველაში ხედავს, ვისაც აქვს გამოცდილება და ნაბიჯები გადაუდგამს. 

"მე შემიძლია ერთმნიშვნელოვად გითხრათ, როგორც არ უნდა განვითარდეს დღეს კოალიციაში პოლიტსაბჭოს სხდომა და როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, თავისუფალი დემოკრატების პარტნიორები იყო, არის და მომავალშიც იქნება ლიბერალური ღირებულებების მატარებელი რესპუბლიკური პარტია და ჩვენ ძალიან ინტენსიურად განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას. იქ, სადაც საუბარი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულებაზე, ბუნებრივია, პარლამენტში როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებები შემოვა, ჩვენ ერთნაირად გვექნება პარტნიორობა როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მხარს დაუჭერენ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას და NATO-ში გაწევრიანებას. მე მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ არც უახლოეს მომავალში, არც შორეულ პერსპექტივაში იმ ძალასთან და იმ რეჟიმთან, რომელთან ბრძოლაშიც ძალიან სერიოზული ენერგია ჩავდეთ, ქართველი ხალხის არჩევანი იყო 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, ჩვენ ვერანაირი თანამშრომლობის, პარტნიორობის, მოკავშირეობის პერსპექტივას ვერ და არ გავიხილავთ. მათი მსოფლმხედველობა, მათი წარსული არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ჩვენ ვერთგულობთ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები