კრიზისი კოალიციაში

კალაძე: ალასანიას ბრიფინგი ჩემთვის საწყენი და შეურაცხმყოფელი იყო

Kakha Kaladze
Tabula

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს გადაცემა არჩევანში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გაკეთებულიყო, ეს შეთანხმება კი ირაკლი ალასანიამ დაარღვია.

"ჩემთვის სრულიან გაუგებარი იყო ალასანიას ბრიფინგი და განცხადება. მითუმეტეს შეთანხმებულები ვიყავით, რომ როდესაც მივლინებიდან ჩამოვიდა, პოლიტიკური განცხადებები არ გაგვეკთებინა, რათა გაგვერკვია სიმართლე. რაც შეეხება ფორმას, რომ მინისტრი წასული იყო მივლინებაში, შეიძლება ეს ფორმა მიუღებელი იყოს და იყოს ამაზე საუბარი და ამას პრემიერიც დაეთანხმა. თუმცა პრემიერის და ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მითითება პროკურატურაზე თუ როდის უნდა განახორციელონ საგამძიებო სამუშაოები თუ დაკავება, ამას ვერავინ მიუთითებს. სწორედ ეს იყ პასუხი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ალასანიას მხრიდან განცხადება ჩემთვის სანწყენი და შეურაცხყოფა იყო. რადგან მისი შინაარსი იყო თითქოს ჩვენ გვსურდა შეგვეჩერებინა საქართველს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება." - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

კომენტარები