კრიზისი კოალიციაში

ბაქრაძე: თავდაცვის მინისტრის განცხადება საგანგაშოა

primetimenews.ge

თავდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, თავდაცვის მინისტრის განცხადება საგანგაშოა, რადგან მინისტრი პროკურატურის მხრიდან შერჩევითი სამართლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს. 

"უაღრესად საგანგაშოა ის, რაც დღეს მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან. ის, რომ ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი და პროკურატურა გამოიყენება პოლიტიკური ამოცანებისთვის. ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში. არც ის არის ახალი, რომ მმართველ კოალიციაში არსებობს სერიოზული კრიზისი და აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკუთხებთან დაკავშირებით და ამ ყველაფერშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. მაგრამ ახალი და საგანგაშო, რაც დღეს მოვისმინეთ, გახლდათ ის, რომ თავდაცვის სამინისტროზე და თავდაცვის მინისტრზე შეტევა, მისივე სიტყვებით, უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი. ეს არის უაღრესად საგანგაშო განცხადება და ასეთ შემთხვევაში პროცესები, რომლის მოწმენი ვართ სულ ყველა, სცილდება სახელისუფლებო კრიზისის ამბებს, სცილდება კოალიციის შიგნით მიმდინარე უთანხმოების, ან კონფლიქტის ფარგლებს და ეხება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტურ კითხვას და არჩევანს, იქნება, თუ არა საქართველო ევროპის წევრი და ევროპის ნაწილი" - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განმარტებით, პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას, თუ ვინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს.

"მოვითხოვთ პასუხს თავდაცვის მინისტრისგან, მოვითხოვთ პასუხს მთლიანად ხელისუფლებისგან, მთავრობისგან. ვინ ებრძვის საქართველოს ევროპაში და ნატოში გაწევრიანებას? ვინ არიან ის ძალები, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც შეტევა მიაქვს თავდაცვის სამინისტროზე იმ მიზნით, რომ საქართველო არ იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი? იმედი მაქვს, არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ ამას აკეთებს ბადაშვილის პროკურატურა საკუთარი სურვილით და საკუთარი ინიციატივით. ამიტომ, ასეთი განცხადების შემდეგ საზოგადოება ქართული სახელმწიფო, ნამდვილად იმსახურებს პასუხს და ელოდება პასუხს მთავარ კითხვაზე, ვინ ებრძვის საქართველოს ევროპულ მომავალს? ვინ ებრძვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება საკუთარი კრიზისის, განხეთქილების, თუ უნიათობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ყველაზე დიდ ხვალინდელ გეგმას, საქართველოს ევროპულ მომავალს და ჩვენი შვილების უსაფრთხოდ ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენც, როგორც პოლიტიკურ ძალასაც და საზოგადოებასაც სრული უფლება გვაქვს ეს კითხვა დავსვათ და მოვითხოვოთ ამ კითხვაზე პასუხის მიღება თავდაცვის მინისტრისგან და მთლიანად ხელისუფლებისგან" - განმარტა დავით ბაქრაძემ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

კომენტარები