თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ხუხაშვილი: პრემიერს ერთადერთი გზა აქვს - ალასანია თანამდებობიდან გადააყენოს

გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ერთადერთი გზა აქვს - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენოს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ირაკლი ალასანიას საგანგებო ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ხუხაშვილი არსებული სიტუაციის უფრო რბილად გადაწყვეტის მომხრეა, თუმცა თვლის, რომ ახლა პრემიერს სხვა გამოსავალი არ აქვს.

"ფაქტობრივად სამართლებრივი პროცესი უკვე აღარავის აინტერესებს, საკითხმა წმინდა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ალასანია შევიდა ღია კონფრონტაციაში პროკურატურასთან და, შესაბამისად, სავარაუდოდ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ხელმძღვანელობასთან. მე ვვარაუდობ, ამის შემდეგ, პრემიერმინისტრს ერთადერთი გზა აქვს, რომ ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს. ალბათ ყველაზე სავარაუდო მოვლენების განვითარება ასეთი გახლავთ. სხვა გზა აღარ რჩება. მე უბრალოდ არსებული ვითარებიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა ყველაფერი. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ძიება მიმდინარეობს, მინისტრი აკეთებს პოლიტიკურ განაცხადს და საქმის პოლიტიკურ კომპონენტზე და ქვეყნის ორიენტაციაზე შეტევად აცხადებს, ეს ძალიან მწვავე განცხადებაა. ასეთ ვითარებაში ადამიანის მინისტრად დატოვება და ამ საკითხის ჰაერში გამოკიდება უბრალოდ სახიფათოა ქვეყნისთვის. ლოგიკურ განვითარებად ეს მიმაჩნია. ვისურვებდი, რომ ისინი შეხვედროდნენ და რაღაც კომპრომისული ვარიანტი მოეძებნათ, მაგრამ თემა უკვე ძალიან შორს წავიდა. ჩვენ რაც ახლა მოვისმინეთ, ეს უკვე საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. უკვე არა პროკურატურაზე, არამედ მისი უშუალო ხელმძღვანელობის მიმართ. ირიბად ასე ჟღერს ეს ყველაფერი" - აღნიშნა ხუხაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

კომენტარები