თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია: პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევაა

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "პროკურატურის ნაბიჯებში აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული". როგორც ალასანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

"მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, პროკურატურამ დააკავა სამინისტროს მაღალჩინოსნები. დღეს, როდესაც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი კაპანაძე იმყოფება თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს ჩვენი სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელები. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, მაგრამ ყოველთვის, ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა ეჭვი, რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ციხეში, ისინი არსად არ გარბოდნენ და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები დაუდგნენ თავდებად", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ "ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეული იყო და არის თავისი წარმატებული რეფორმებით, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე".

ამასთან, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "მე ძალიან კარგად ვიცი, ვისი გორის ვარ". ირაკლი ალასანიას თქმით, "ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა და ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან. გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა მთავარია სიმშვიდე, სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა. შეკითხვებს აღარ ვუპასუხებ, ეს იყო პოლიტიკური განცხადება და დანარჩენს მომავალში მოგახსენებთ", - თქვა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზეც წაუყენა ბრალი. იქამდე კი, უწყების ხუთი მაღალჩინოსანი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. ასევე, მოწმის სახით დაკითხეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი.

კომენტარები