გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საკუთარი უკმაყოფილება უკრაინის კრიზისში რუსეთის როლის გამო გამოხატა. მისივე თქმით, არ არსებობს რუსეთზე სანქციების გაუქმების მიზეზი.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, მის მიზნად კვლავ რჩება კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრა.
"მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, თუ რა რთულია უკვე მიღწეული შეთანხმებების შენარჩუნება აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული არაკანონიერი არჩევნების ფონზე. მინსკის შეთანხმება ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საფუძველი უნდა იყოს, რომელშიც რუსეთს ის წვლილი არ შეაქვს, რასაც მისგან ველოდებოდით. სწორედ ამიტომ ეკონომიკური სანქციები გარდაუვალი იყო და ამ ეტაპზეც სანქციების გაუქმების მიზეზები არ არსებობს", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში 2 ნოემბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკების პრეზიდენტების პოსტზე ალექსანდრ ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკიმ გაიმარჯვეს. არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთი ფედერაციამ. კიევში დონბასში ჩატარებული ე.წ. არჩევნები უკანონოდ ცნეს. ამავე პოზიციაზე არიან დასავლური ქვეყნები.





