ანგელა მერკელი

საგარეო პოლიტიკაში წინ ვერ მივდიოდი, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს მიმართებით – მერკელი

ანგელა მერკელი
AFP/Getty Images

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანულ გამოცემა der Spiegel-თან უკრაინის ომზე, რუსეთის მიმართ საკუთარ საგარეო პოლიტიკასა და თავისი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრობლემებზე ისაუბრა.

მერკელის თქმით, მას რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ გაკვირვებია, რადგან მინსკის შეთანხმება უკვე "გამოფიტული" იყო.

მერკელის თქმით, 2021 წლის ზაფხულზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, მას, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან ერთად ევროკავშირის საბჭოში პუტინთან მოსალაპარაკებლად ახალი, დამოუკიდებელი, ევროპული ფორმატის შექმნა სურდა. თუმცა მან ეს ვერ შეძლო, რადგან, როგორც თავად ამბობს, ამისი "ძალა აღარ ჰქონდა".

"ზოგი წინააღმდეგ იყო და მე თავდაჯერებულობის ძალა აღარ შემწევდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე წავიდოდი". – თქვა მერკელმა და დაამატა, რომ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღო, ამ მცდელობას გააგრძელებდა.

მერკელის თქმით, მოსკოვში გამართული ბოლო ვიზიტის დროს იგრძნო, რომ პოლიტიკაში მისი გავლენის დრო დასრულდა. მისივე თქმით, პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებაა მნიშვნელოვანი. 

მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში ცვლილების დრო იყო. მისი აზრით, საჭირო იყო ახალი მიდგომები იმ კონფლიქტების მიმართ, რომლებშიც რუსეთი იყო ჩართული.

"არა. ეს ვიღაც ახალს უნდა გაეკეთებინა. საშინაო [პოლიტიკა] გადამწიფებული იყო. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საბოლოო ჯამში, მილიმეტრითაც კი ვერ ვწინაურდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა ვცდილობდით ბევრ რამეს. არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, დნესტრისპირეთისა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთის, სირიისა და ლიბიის მიმართებითაც. ახალი მიდგომის დრო იყო". – უპასუხა ანგელა მერკელმა ჟურნალისტის შეკითხვას, ნანობს თუ არა, რომ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო. 

კომენტარები