თბილისის საკრებულო

დეპუტატი: ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით წმინდანის დამ მოგვმართა

timer.ge

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლია ჯახველაძის ინფორმაციით, ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით, "საკრებულოს წმინდანის დამ და ასევე სამი ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა". მისივე თქმით, ჩოლოყაშვილის სახელი ეწოდა საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ ახალ გზატკეცილს.

"ქუჩას, სადაც ბერი გაბრიელი ცხოვრობდა, მისივე სახელი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საკრებულოს დახმარებით დაერქვა და იქ მალე ტაძარიც აშენდება. რაც შეეხება ეროვნულ გმირს ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მისი სახელი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ ახალ გზატკეცილს ეწოდა. საკრებულოს დეპუტატებს გვსურდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის პატივი მიგვეგო და მისი სახელის უკვდავსაყოფად შეგვერჩია ისეთი ადგილი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა არა მხოლოდ ქუჩისთვის, არამედ სკვერისთვის და მოედნისთვისაც მიგვენიჭებინა მისი სახელი. სწორედ ამ მიზნით შეირჩა იპოდრომთან მდებარე ახალი გზატკეცილი, სადაც ახლო მომავალში დაგეგმილია ეროვნული გმირის სახელობის სკვერისა და მოედნის გახსნა. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დავაბალანსეთ ორი უდიდესი ქართველის სახელების უკვდავყოფა", - განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ნაწილსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი მიენიჭა. 

კომენტარები