თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

საგანელიძე: ვწუხვარ, რომ ზოგმა პოლიტიკოსმა ამ თემას პოლიტიკური იარლიყი მიაწება

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკური იარლიყი მიაწებეს. ამის შესახებ მან კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"პირველ რიგში, გვაინტერესებდა ბატონი ირაკლი რამდენად საქმის კურსშია იმ დეტალებზე, რაც ხდება, იმიტომ, რომ როგორც იცით, დღეს ჩამობრძანდა. ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა, ბევრი დეტალი მან რა თქმა უნდა, იცის . არის თემები, რომლებიც ბუნებრივია, არ ეცოდინება.

ბუნებრივია, ყველა შევთანხმდით, რომ გამოძიებას უნდა მიეცეს საშუალება იმის, რომ ყველა დეტალი იქნეს შესწავლილი. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან და ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგმა პოლიტიკოსმა თუ მასმედიის წარმომადგენელმა ამ თემას გარკვეული პოლიტიკური იარლიყები მიაწება, რაც ძალიან შორსაა რეალობისგან. დავუცადოთ მოვლენების განვითარებას და შემდგომ ვისაუბროთ დეტალებზე", - თქვა საგანელიძემ.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიას კომენტარი არ გაუკეთებია. თავდაცვის მინისტრმა, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, აეროპორტში განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკაშირებით, კომენტარი გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მათი შეფასებით, გამოძიების დასრულებამდე მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმეგბლობაზე საუბარი ნაადრევია.

ნაციონალურ მოძრაობაში თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების დაკავებას შიდაპარტიულ დაპირისპირებად აფასებენ. გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი პარტია პოლიტიკური ინტრიგებისთვის სამართლებრივ სტრუქტურებს იყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება დღეს გაასაჩივრეს. დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქმის მასალების ნაწილის განსაჯაროებას ითხოვენ. უწყება აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას ორშაბათს მიმართავს.

 

კომენტარები