თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს ბრალს დღეს, 12:00-ზე წარუდგენენ

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს ბრალს დღეს, 12:00-ზე, მოდულის შენობაში წარუდგენენ. ამის შესახებ ტაბულას დაკავებულების ადვოკატმა ლაშა სამუშიამ უთხრა. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების საფუძველი არ ჰქონდა და ისინი უკანონო პატიმრები არიან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალდებას, თავს არ ცნობენ დამნაშავედ და ყველანაირად ეცდებიან, თავისი უდანაშაულობა გამოძიების ეტაპზე დაასაბუთონ და დაამტკიცონ", - აღნიშნავს სამუშია.

კიდევ ერთი ადვოკატის დავით კორკოტაშვილის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნუგზარ კაიშაურს "წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რატომ არის დაკავებული, დაკავების საფუძველი მისთვის უცნობია და საერთოდ ის თემა, რასაც სავარაუდოდ შეიძლება მოედავონ, არის აბსურდი". ადვოკატის შეფასებით, "კაიშაური ცალსახად არის უკანონოდ დაკავებული, რაც შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ძალების მოქმედების შედეგია და კონკრეტულად ამის შესახებ ბრალის დადგენილების შემდეგ განვაცხადებთ". 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები გუშინ დააკავა.  დაკავებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია სილქნეტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, "ტენდერის ყველა ეტაპზე, სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან". სილქნეტი აღნიშნავს, რომ დღეისათვის კომპანია მუშაობს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით". უწყება გაფლანგვის ბრალდებით მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შესყიდვების სისტემის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. ამასთან, სამინისტრო გამოდის ინიციატივით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ სახელმწიფო შესყიდვას გრიფი საიდუმლო მოეხსნას.

კომენტარები