მთავარი პროკურატურა

პროკურატურის უცხოელმა მრჩევლებმა გელაშვილის ცემის საქმეზე მუშაობა დაასრულეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ვალერი გელაშვილის ცემის საქმესთან დაკავშირებით მუშაობა დაასრულა. უწყების ცნობით, ჯგუფმა მოამზადა წინასწარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მასალები სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისია იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით და საქმე წარმართულ იქნას სასამართლოში".

პროკურატურის განცხადებით, "დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ უცხოელი პროკურორები ქართველი კოლეგების მიმართ ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან".

პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა გასაჯაროვდება და როგორც ორიგინალის, ასევე ქართული ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს მთავარი პროკურატურა მადლობას უხდის მოწვეულ სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის და მათთან მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, 22 ივლისს თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტთა ჯგუფი - იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი. მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწვეული სპეციალისტებისგან შეიქმნა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქართველი პროკურორებისთვის მათი გამოცდილებისა და სამართლის სფეროში არსებული მსოფლიო პრაქტიკის გაზიარება, რაც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობისთვის. საქმის შესწავლის პროცესში უცხოელ სპეციალისტებს პროკურატურის მიერ მიეწოდათ საგამოძიებო მასალები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საქმეზე მომზადდა წინასწარი დასკვნა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

პროკურატურა სპეციალისტებისგან მიღებულ წერილსაც ასაჯაროებს:

"თქვენი თხოვნის შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, იმ მიზნით, რათა დროდადრო მოგაწოდოთ ჩვენი წერილობითი მოსაზრება თქვენი ოფისის მიერ წარმოებულ გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ამასწინათ, თქვენ გვთხოვეთ, რომ შეგვესწავლა თქვენი ოფისის მიერ მოწოდებული მასალები, რომლებიც შეეხება 2014 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში, ვალერი გელაშვილისა და სხვათა მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს. თქვენი თხოვნის შესაბამისად, ჩვენ უნდა მოგაწოდოთ შეფასება პროკურატურის წარმოებაში არსებულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით და მოგცეთ რჩევა, ამ ეტაპზე უნდა გაგრძელდეს თუ არა ბრალდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქმის შესწავლის პროცესში, ჩვენ შეგხვდით თქვენ და თქვენს თანამშრომლებს თბილისში, 2014 წლის 20-22 ივლისს, იმ მიზნით, რომ განგვეხილა საქმე და მოვმზადებულიყავით საქმის მასალების შესწავლისთვის. შემდგომში თქვენ მოგვაწოდეთ წერილობითი ანგარიში, რომელიც შეიცავდა მოწმეთა ჩვენებებს ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, შესაბამის კანონმდებლობასა და დაკავშირებულ მასალებს, რომელთა უმრავლესობა უკვე ხელმისაწვდომია ბრალდებულებისთვის. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული ანგარიში და მასალები, და მოვითხოვეთ თქვენგან დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეთ 2014 წლის 9 ოქტომბერს. 2014 წლის 22 ოქტომბერს ჩვენ დავბრუნდით საქართველოში თქვენთან და თქვენს თანამშრომლებთან დამატებითი განხილვების მიზნით, რა დროსაც თქვენ მოგვაწოდეთ დამატებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილ იქნება სასამართლოში. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ სისხლის სამართლის დანაშაულები.

ჩვენი წინასწარი შეფასება ეფუძნება მხოლოდ თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებსა და თქვენთან და თქვენს თანამშრომლებთან ერთად წარმოებულ განხილვებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, გამოძიება მიმდინარეობს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაბრალდების მხარე განაგრძობს მტკიცებულებების შეგროვებას, განსაკუთრებით იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის დროს. იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ამ დროისთვის არის ხელმისაწვდომი და რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოგვეწოდა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი წინასწარი დასკვნა: ჩვენ გვჯერა, რომ არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ უნდა განაგრძოთ გამოძიება და მიმართოთ სასამართლოს, სადაც ყველა დარჩენილი საკითხი იქნება განხილული შეჯიბრებით პროცესში. 

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს დასკვნა არის წინასწარი და შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლო გადასინჯვას, თუ გამოძიება გაგრძელდება და ჩვენს ჯგუფს წარედგინება დამატებითი მტკიცებულებები.

დასასრულს, ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით, რათა კმაყოფილება გამოვხატოთ თქვენი, პროკურორებისა და გამომძიებლების ამ საქმეზე მუშაობასთან დაკავშირებით. შეხვედრების დროს ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და გულწრფელობამ. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გამოძიება ჩატარდა კეთილსინდისიერად და პროფესიონალურ დონეზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კვლავაც განვაგრძობთ თქვენთან მუშაობას", - ვკითხულობთ წერილში.

კომენტარები