კრიმინალური ავტორიტეტები

ნარმანია: თუ "საშკა" ნასამართლევია, ის მერიის სისტემაში ვერ იმუშავებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად "საშკა" ნასამართლევია, ის მთაწმინდის გამგეობაში ვერ იმუშავებს. როგორც ნარმანიამ ტაბულას კითხვის საპასუხოდ თქვა, მერია ამ საკითხს დღეს გაარკვევს.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე სანაძე მუშაობს გამგებლის მოადგილედ, თუმცა, მე ვადასტურებ, რომ ასეთი მოადგილე შესაბამისი რაიონის გამგებელს არ ჰყავს. ამ საკითხით დავინტერესდებით და თუ სანაძე კანონდარღვევაში არის შემჩნეული, ამაზე რეაგირება იქნება. დღეს გავარკვევთ ამას. თუ ნასამართლევია, ის ვერ იმუშავებს მერიის სისტემაში", - აცხადებს ნარმანია.

ტაბულას ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად „საშკა“ ასრულებს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, ტაბულას გამგეობის თანამშრომელმაც დაუდასტურა.

მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე სანაძე მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივ სპეციალისტად მუშაობს.

"ალექსანდრე სანაძე მუშაობს მთაწმინდის მუნიციპალიტეტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ჩვენი მოადგილეების გვარები და სახელები საჯაროა, არც გვარი ემთხვევა და არც სახელი. მე მგონია, რომ ეს აჟიოტაჟი არ იყო საფუძვლიანი. ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა დოკუმენტი დაგიდასტურებთ იმას, რომ ის არასდროს არ ყოფილა ნასამართლევი ქურდული მენტალიტეტისთვის. ასე რომ, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებს არჩვაძე.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად „საშკა", 2006 წელს დააკავეს.

კომენტარები