ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაია: ვერაფერი შეგვაჩერებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება. მისი შეფასებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება დროული იყო.

"ათეულობით ქართველი პატრიოტი სამარცხვინო და უნამუსო ბრალდებებით კარგა ხანია მსჯავრდებულები არიან. ნამდვილად მირჩევნია ვიყო მათ რიგებში, ვიდრე რამე სახით მათგან გამონაკლისი იმ უამრავი გამამართლებელი განაჩენების სახით, რაც აქამდე დამიგროვდა. სასამართლოს მხრიდან შავბნელი ძალების ბრალდებების უპირობო გაზიარება კი მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება ასეთი სიბრიყვით ცდილობს ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის განეიტრალებას, ფიქრობენ, ამით მიეცემათ ლეგიტიმური უფლება, ღიად მიძახონ დამნაშავე, მაგრამ აქ ახალი არაფერია, ეს ხომ აქამდე ასე იყო", - წერია ახალაიას განცხადებაში. ყოფილი მინისტრის თქმით, ამ ორი წლის მანძილზე, მისი მოტივაცია იყო "შეცდომაში შეყვანილი ქართველი ხალხისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა". ახალაია ფიქრობს, რომ ეს მოახერხა.

"თუ ვინმე დღეს ვერ დამეთანხმება, დარწმუნებული ვარ, ხვალ გაიზიარებს ჩემს ურყევ შეხედულებას. დღეს სინამდვილეში მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ომი სწორედ იმ ფორმით, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ჩვენი ამოცანა ძლიერი ქართული სახელმწიფო და აფხაზეთში დაბრუნებაა, ყველაფერი, რაც დღეს ხდება, სწორედ ამ ბრძოლას უკავშირდება, რომელშიც ჩვენ მხოლოდ გამარჯვების ვალდებულება გვაქვს და ამ გზაზე ტყვიების თუ ტანკების ძალის ციხით ჩანაცვლება არანაირი დაბრკოლება არ არის. ხოლო სასამართლო, რომელიც დღეს იმპერიალისტური ძალების იარაღია, შეიძლება კი არის ერთგვარი უნამუსო პრობლემა, მაგრამ მასთან მიმართებაში ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი რეგიონის XX საუკუნის ერთ-ერთი პროგრესული ლიდერის შეხედულება გავიზიაროთ, რომლის მიხედვით თუ უსამართლოდ გექცევა სასამართლო, ეს შენი ბრალია, ხოლო ამ უსამართლობის გამომწვევი მიზეზების და მისი აღმსრულებლების გამოსწორებაც შენი ვალია, თავისუფალი მოქალაქის. საბოლოოდ კი იმას ვიტყვი, ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს სოხუმში დაბრუნებაზე, ვერც რუსული ტანკები და ვერც საქართველოს მოღალატე პოლიტიკოსთა მთელი არმია. წინ მხოლოდ აფხაზეთი იქნება", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში, რომელიც მის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ახალაია დამნაშავედ ცნო პატიმრების წამების ეპიზოდში. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოძიების მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას გულისხმობს. ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაშია 2012 წლის ნოემბრიდან. ის სასამართლომ რამდენიმე საქმეზე გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენი კი მას შემდეგ დადგა, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციით, ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ზომით შეცვლა მოითხოვეს.

კომენტარები