ბაჩო ახალაიას საქმე

დაცვის მხარე ბაჩო ახალაიას განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

primetimenews.ge

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, "ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ განაჩენი იმ ზეწოლის შედეგია, რაზეც დიდი ხანია ბაჩო ახალაიას ახლობლები საუბრობენ". როგორც ადვოკატმა აღნიშნა, განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარება საჭიროც კი არ არის. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ეს განაჩენი დაუსაბუთებელი იქნება, ვინაიდან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ დაასაბუთებს სასამართლო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება, ანი ნადარეიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოსალოდნელი იყო. ეს უკვე მერამდენე ფაქტია, როდესაც ანი ნადარეიშვილი წინასწარ აანონსებს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას მოსამართლის მხრიდან. ეს არის იმის შედეგი, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ", - განაცხადა ველიჯანაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ახალაია დამნაშავედ ცნო პატიმრების წამების ეპიზოდში. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოძიების მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას გულისხმობს. ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაშია 2012 წლის ნოემბრიდან. ის სასამართლომ რამდენიმე საქმეზე გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენი კი მას შემდეგ დადგა, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციით, ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ზომით შეცვლა მოითხოვეს.

კომენტარები