საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პეტრიაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თავისი რესურსი ამოწურა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თავისი რესურსი ამოწურა, - ამის შესახებ საკუთრი მოსაზრება პეტრიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. 

პეტრიაშვილმა დაამატა, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება გამოთქმული საბჭოს სხდომაზე. 

"მე ვთვლი, რომ კონცენტრირება მომავალზე უნდა გავაკეთოთ. ვინაიდან, როგორც დაზუსტდა და დადგინდა, რუსეთის ოფიციალური პოზიცია ე.წ. აფხაზეთის რეჟიმთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით უცვლელია. მე ვთვლი, რომ ეს არხი თავის რესურსს წურავს და მგონია, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება გამოთქმული მოსაზრებები" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

აფხაზურ რეჟიმსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გაფართოებულ თანამშრომლობაზე ხელშეკრულების გაფორმება არის პირდაპირი ანექსიის დაწყება და ანექსიის გაფორმება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ ფორმებზე და იმ ზომებზე, რომლითაც უნდა წინ აღვუდგეთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად რუსეთის მხრიდან ამ აგრესიულ ქმედებას, - დააფიქსირა საკუთარი პოზიცია პეტრიაშვილმა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა უკვე ერთი საათია რაც მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ჭიკაიძე, ნოდარ ხადური, ალექსი პეტრიაშვილი, დავით ზალკალიანი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი.

კომენტარები