კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო პუტინს ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვდა

პეტრო პოროშენკო და ვლდიმერ პუტინი
კრისტოფ ენა / AP

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტმა ევროპული ქვეყნების ლიდერებისა და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. შეხვედრა მილანის აზია-ევროპის სამიტის ფარგლებში საათ-ნახევარს გაგრძელდა. პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მინსკის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობას. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ უკრაინაში რეალური სიტუაციის გაგების სურვილის სრული არარსებობა გამოავლინა. თუმცა, შეხვედრამ, მისი თქმით, მაინც კონსტრუქციულად ჩაიარა და დიალოგის გაგრძელება იგეგმება.   

 შეხვედრის შემდეგ კომენტარები ევროპელმა ლიდერებმა გააკეთეს.

"რაზეც შევთანხმდით, ეს არის მინსკის ოქმის რეალიზაცია, ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ნდობის აღსადგენად", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით კი, "ვლადიმირ პუტინმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ არ სურს გაყინული კონფლიქტი და არ სურს უკრაინის დანაწევრება". კამერონის თქმითვე, "თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია, მიღებულ იქნას ზომები, რათა შესრულდეს ყველაფერი, რაზეც შეთანხმება არსებობს". კერძოდ, მისი აზრით, "უნდა მოხდეს  რუსული ჯარისა და მძიმე შეიარაღების გაყვანა უკრაინიდან, ყველა შეთანხმების დაცვა, რუსეთმა ასევე უკრაინის კანონიერი არჩევნები უნდა აღიაროს. თუ ეს არ მოხდება, ევროკავშირმა და მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა სანქციები და ზეწოლა უნდა გააგრძელონ, რადგან კონტინენტზე ამ ტიპის კონფლიქტის არსებობა  დაუშვებელია".

 

კომენტარები