მილანში, აზია-ევროპის სამიტის ფარგლებში, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ევროპის ქვეყნების ლიდერები და ევროკავშირის ხელმძღვანელები ესწრებიან. როგორც შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, იგი ამ მოლაპარაკებისგან სამშვიდობო პროცესში პროგრესს ელოდება.
"მშვიდობა და სტაბილურობა უკრაინაში, ეს ერთადერთია, რასაც ველოდებით" - განაცხადა პოროშენკომ.
იქამდე, რუსეთის პრეზიდენტი გერმანის კანცლერს შეხვდა. თავდაპირველად მერკელისა და პუტინის დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის ლიდერის დაგვიანების გამო გაუქმდა.
რუსეთის პრეზიდენტი მილანში სერბეთიდან ჩავიდა. ანგელა მერკელთან შეხვედრისას, მისი პრესმდივნის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესი განიხილეს და აქცენტი დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორებაზე გააკეთეს. ამავე დროს, პუტინისა და მერკელს შორის უკრაინაში კონფლიქტის მიზეზებზე კვლავ უთანხმოებები რჩება.
სამიტზე ჩასვლამდე, სერბეთში ყოფნისას კი რუსეთს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუმცირებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ტრანზიტისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის მოხმარებას დაიწყებს.
"სრული სიმართლე ისაა, რომ ევროპის ენერგეტიკული ბაზრის რუსი მონაწილეების მიზეზით არანაირი კრიზისი არ შეიქმნება. მაგრამ არსებობს დიდი სატრანზიტო რისკები, და თუ დავინახავთ, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები, ისევე როგორც 2008 წელს, ჩვენი გაზის არასანქცირებულ აღებას დაიწყებენ საექსპორტო მილსადენისგან, ჩვენ მოპარული გაზის მოცულობის შესაბამისად, მიწოდების შემცირებას დავიწყებთ" - აცხადებს პუტინი.
მილანის სამიტში 53 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მონაწილეობს. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ფორუმზე უკრაინის კრიზისია. ვლადიმირ პუტინი იტალიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვახშამს დაგვიანების გამო არ დაესწრო.





