საავტომობილო გზა რუსეთთან

ჯალაღანია: ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა საფრთხეს შეიცავს და კითხვებს ბადებს

http://garbonline.tv/

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეფასებით, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა საქართველოსთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და კითხვებს ბადებს. მანვე აღნიშნა, რომ საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხზე რაიმე ტიპის კომუნიკაცია რუსეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა.

"ეს არის რუსეთის შიდა საქმე, პირველ რიგში. რუსეთის განვითარების გეგმაში ალბათ გათვალისწინებულია აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა, თუმცა, ნამდვილად ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს. მინდა გითხრათ, რომ აქამდე რაიმე კომუნიკაცია ამ საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის არ ყოფილა არცერთ დონეზე", - განაცხადა ჯალაღანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები