საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა მარტივი თემა არ არის და ის ყოველმხრივ შესწავლას მოითხოვს. მისივე თქმით, "საგარეო უწყებამ ამ გზის მშენებლობის შესახებ პრესის საშუალებით გაიგო".
"ოფიციალური შეტყობინება ჩვენ არ მიგვიღია რუსეთის მხრიდან, აბაშიძე-კარასინის ფორმატი მალე გაიმართება, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ თუ იქნა საუბარი ამ თემაზე, ალბათ მეტი გვეცოდინება ამ შეთანხმებაზე", - თქვა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.
ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა.