ქალებზე ძალადობა

კახეთში ქალზე ფიზიკური ძალადობის გამო ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საგარეჯოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული კაზანთარ ა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნათესავ ქალს - 1974 წელს დაბადებულ ლიმონ ა-ს, მისივე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად გაუსწორდა.

"კაზანთარ ა-ს თანმხლებმა პირმა ქალბატონის საცხოვრებელი სახლის ეზოში სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. კაზანთარ ა. თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიმონ ა-ს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მას საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ლიმონ ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კაზანთარ ა. მომხდარიდან მეორე დღეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

კომენტარები