უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

ბაქაქურსა და ძლიერიშვილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ხვალ მოუსმენს

პარლამენტში ხვალ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს მოუსმენენ. მათთან შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართება.

2 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვა გადადო. კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ამის მიზეზად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პარლამენტში გამოუცხადებლობა დაასახელა.

ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილი ის მოსამართლეები არიან, რომელთა კანდიდატურაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პირველად მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა. მაშინ, პარლამენტმა მათ მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა კვლავ იგივე კანდიდატურები წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი ორი მოსამართლის დროულად დანიშნვას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, საქმის გაჭიანურება სასამართლოს მუშაობას ხელს უშლის.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით  - არანაკლებ 76 ხმით, 10 წლის ვადით ირჩევს.

კომენტარები