სტიქია საქართველოში

მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის რეგიონებში საგანგებო შტაბები იმუშავებენ

საქართველოს რეგიონებში, სადაც ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, საგანგებო შტაბები შეიქმნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს. სხდომას სახელმწიფო რწმუნებულები, აჭარისა და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს ცნობითვე, "მთავრობის წევრები და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები ყველა პოტენციურად საშიშ ზონაში ვითარებას პირადად გააკონტროლებენ". 

ცნობისთვის, ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები, ნათესები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. სოფელ ნატანებში კი ხიდი ჩაინგრა, რის გამოც 14 ოჯახი ცენტრს მოწყდა. ქუჩები დაიტბორა ქალაქ ოზურგეთშიც, რამაც ცენტრალურ ნაწილში მანქანების გადაადგილება შეაფერხა. ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, ადგილობრივი მოსახლეობა კი ტექნიკის მობილიზებას ითხოვს. 

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს მთელ სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ, მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს. 

"ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში. მეტეოროლოგების ვარაუდით, აღნიშნული ვითარება 28 სექტემბრის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს. მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს. ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები