უკანონო მოსმენები

NGO-ები უკანონო მოსმენებზე შსს-ს წინადადებას არ იზიარებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებას არ იზიარებენ. შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ინიციატივით, ე.წ. მოსმენების გასაღები სამინისტროში უნდა დარჩეს, თუმცა, კონტროლის მექანიზმი უნდა ჰქონდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და გაძლიერდეს მისი საზედამხედველო როლი. არასამთავრობოები კი, იმავე აზრზე რჩებიან - გასაღები მობილურ ოპერატორებს უნდა გადაეცეთ.

"ისინი ამბობენ, რომ თუ თქვენ ხართ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ გასაღები იქნება მობილური ოპერატორის ხელში, თუ არა, მაშინ არ იქნება მობილური ოპერატორის ხელში. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვისმენთ მთავრობის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. არ უნდათ, რომ ეს გასაღები გადავიდეს მობილური ოპერატორების ხელში, შესაბამისად, არ ვიცით. იმედი გვაქვს, რომ ახლა უკვე ისინი თავიანთ პოზიციებს შეცვლიან. კიდევ დამატებითი რეკომენდაციები არის დაკავშირებული იმასთან, თუ როდის მოხდება ამ ახალი სისტემიც იმპლემენტაცია", - აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

"ის ხერხები, რითაც დღეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ხელმძღვანელობენ, პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ყველაზე მარტივი გზაა მათთვის, რომ ხელი დაბრკოლების გარეშე მოუწვდებოდეთ ჩვენს პირად კომუნიკაციასთან. თუმცა მათი განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის ასეთი პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორც მოქალაქეებმა ასევე სახელმწიფომ, გამოხატოს პოლიტიკური ნება - საით მივდივართ", - თქვა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში დასკვნითი შეხვედრა იმართება. ევროსაბჭოს ექსპერტები ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან.

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1-ლ ნოემბრამდე უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ფარული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას მობილური ოპერატორების მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოების წვდომის პროცედურას დაადგენს.

კომენტარები