გაერო

ობამამ რუსეთი ებოლას ვირუსის შემდეგ მსოფლიოს მთავარ საფრთხედ მოიხსენია

washingtonpost

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში, მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეებს შორის მეორე ადგილზე, ებოლას ვირუსის შემდეგ, რუსეთი მოიხსენია. ობამას განცხადებით, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში მსოფლიო წესრიგს საფრთხე შეუქმნა და რუსეთი ამ აგრესიისთვის საფასურს გადაიხდის. თუმცა, ობამას განცხადებთ, თუ მოსკოვი პოლიტიკას შეცვლის და სამშვიდობო გეგმას შეასრულებს, მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები გაუქმდება. აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას ასევე დახმარებას დაჰპირდა.

"რუსეთის ბოლო მოქმედებები უკრაინაში არის გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგისთვის. ვნახოთ ფაქტები. უკრაინელი ხალხი გამოვიდა რეფორმების მოთხოვნით, კორუმპირებული პრეზიდენტი გაიქცა. უკრაინის  ხელისუფლების ნების წინააღმდეგ ყირიმის ანექსია მოხდა. რუსეთი ჩაერია სიტუაციაში აღმოსავლეთ უკრაინაში, მხარი დაუჭირა მოძალადე სეპარატისტებს და გააჩაღა კონფლიქტი, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა. როდესაც სამოქალაქო ავიალაინერი ჩამოაგდეს იმ რეგიონიდან, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, მათ არავინ დაუშვეს შემთხვევის ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში. როდესაც უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა დაიწყო, რუსეთმა არა მხოლოდ ფარულად დაუჭირა მხარი სეპარატისტებს, არამედ საკუთარი ჯარებით საზღვარი გადაკვეთა. ეს არის სამყაროს ხედვა, რომლის თანახმად, ერთი ქვეყნის საზღვრები შეიძლება შეცვალონ სხვა ქვეყნებმა, და ცივილიზებულ ადამიანებს არ მიეცეთ საკუთარი ახლობლების ცხედრების ნახვის საშუალება, რათა სიმართლე არ გაირკვეს. ამერიკა სხვა სამყაროს აშენებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დიდ ქვეყნებს არ აქვთ უფლება, დააშინონ პატარა ქვეყნები, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი მომავალი", - განაცხადა ობამამ.

უკრაინის პრემიერმინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ გააუქმონ. არსენი იაცენიუკმა რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა და პუტინს პირადად მიმართა.

"ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, არ გააუქმონ სანქციები, სანამ უკრაინა არ დაიბრუნებს კონტროლს მის მთელ ტერიტორიაზე. დაწყებული აღმოსავლეთიდან და დამთავრებული ყირიმით. ყირიმი არის და დარჩება უკრაინის ნაწილად. მინდა, პირდაპირ მივმართო პრეზიდენტ პუტინს. ბატონო პუტინ, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა სამხედროების წინააღმდეგ. მაგრამ ვერ მოუგებთ ბრძოლას ერს, ერთიან უკრაინელ ხალხს", - განაცხადა იაცენიუკმა.

ობამას გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა. სერგეი ლავროვის განცხადებით, მას უჭირს იმის დაჯერება, რომ ობამა სერიოზულად საუბრობდა. მისი თქმით, ამერიკის ბრალდებები უსაფუძვლოა, სანქციები კი თავად შეერთებული შტატების და არა რუსეთის პრობლემაა.  

კომენტარები