სტიქია

გურიასა და აჭარაში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ეკა ჩხარტიშვილი

გურიაში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ შემოქმედში, სადაც 10 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ადიდებულმა მდინარემ გზებიც დააზიანა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 

მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს აჭარაშიც, სადაც ძლიერ წვიმასა და შტორმს ელოდებიან. სამაშველო სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. დაიტბორა ბათუმის რამდენიმე ქუჩა, რის შედეგადაც დაზარალდა მაღაზიები, 650 ოჯახი კი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთშიც. გამგებელ სულხან ევგენიძის თქმით, ადიდებული მდინარე სოფელ ხალის საჯარო სკოლასთან გადავიდა, რის გამოც გამგეობამ სასწავლო პროცესი შეაჩერა და ბავშვების ევაკუაცია მოახდინა. მისივე განმარტებით, ადიდებულმა მდინარემ ჩაქვსა და სოფელ ქაქუთში რამდენიმე ოჯახს საფრთხე შეუქმნა.

კომენტარები