ე.წ. კანონიერი ქურდები

ომბუდსმენი: დადგინდეს განსხვავებულ აქცენტებში გასული ჩანაწერების ავთენტურობა

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასული მასალა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან დაუყოვნებლივი გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

"2014 წლის 20 სექტემბერს გადაცემაში განსხვავებული აქცენტები გავიდა აუდიო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ახერხებენ ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრონ, მათ შორის, როგორც ჟურნალისტი ასკვნის, ე.წ. „მაყურებლის“ დანიშვნაზე და ე.წ. „ობშიაკის“ შეგროვებაზე.

პატიმრობის კოდექსი ზუსტად განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულთა პირთა მიერ ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის წესებს, რომელთა დარღვევა შესაბამისი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს; ზემოაღნიშნულ გადაცემაში გაშუქებული სატელეფონო ჩანაწერები, ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოძიება ზემოაღნიშნულ გადაცემაში გასული მასალების შესახებ. გამოძიების შედეგად, ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ შეკითხვებს: არის თუ არა აუთენტური გადაცემაში გასული თითოეული ჩანაწერი, დადგინდეს საუბარში მონაწილე თითოეული პირის ვინაობა და როდის განხორციელდა აღნიშნული საუბრები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას მიაწოდებს სრულ ინფორმაციას ამ განცხადებაში დასმულ ყველა საკითხზე", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ხანგრძლივ სატელეფონო კონფერენციებს მართავენ, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან, საქმეებს არჩევენ, სხვა პირის ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკვეთავენ და ე.წ. ობშიაკის შეგროვებას წყვეტენ. 20 სექტემბერს, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ფარული აუდიოჩანაწერები გავიდა, რომლის მიხედვითაც, კრიმინალური ავტორიტეტები თენგო პირველი, მინდია გორაძე, ირაკლი ხოხიაშვილი, ტარიელ ფოცხვერია, რეზო ხარძიანი, "გაბრო", შამილ გუჯეჯიანი, გიორგი ჯოხაძე და სხვები მსჯავრდებულებს და მაყურებლებს ტელეფონით ელაპარაკებიან. გადაცემის წამყვანის ეკა კვესიტაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ძირითადად 2013 წელს არის გაკეთებული. მისი განმარტებით, გადაცემას სატელეფონო საუბრები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე მაყურებელ არმაის გრიგორიანს ციხეში გამოსწორებულ სიტუაციაზე ესაუბრება. ისინი აღნიშნავენ, რომ წინა ხელისუფლების დაბრუნებას არ დაუშვებენ და თავს შეაკლავენ.

კიდევ ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, ამნისტირებული პატიმარი ესაუბრება კრიმინალურ ავტორიტეტ გაბროს და მასობრივი ამნისტიის მასშტაბებით გაოცებას გამოხატავს.

"ბარიგებს ხელი მაშინ ჯაბამ არ შეახო, იმენნა, როგორი ხალხი: 21 წელი, 19 წელი, 18 წელი, მოუხსნეს და გამოუშვეს ბიჭო" - ამბობს ამნისტირებული პატიმარი და კრიმინალური ავტორიტეტის ნათქვამზე, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდა, შემდეგ პასუხს სცემს: "ჩამოდი, ძმაო, ეგეთი ის არ არის, ჩამოდი, ჩამოხვალ ჩვეულებრივად. შემოგევლე, ძმაო, არავინ არაფერს... ადრე რომ იყო, ეგრე აღარ არის, ძმაო".

ეკა კვესიტაძის განმარტებით, პატიმრობაში მყოფი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები ციხეებში განთავსებული სტაციონარული სატელეფონო აპარატებიდან დათქმულ დროს თავისუფლებაზე მყოფ თავიანთ თანამზრახველებს უკავშირდებიან. ისინი ციხეებიდან შემავალ ზარებს სატელეფონო კონფერენციის რეჟიმში რთავენ და როგორც მსჯავრდებულებს, ისე თავისუფლებაზე მყოფ კანონიერ ქურდებს საშუალებას აძლევენ, ერთმანეთს შორის საქმე გაარჩიონ და დაპირისპირებულ კლანებს შორის საქმე მოაგვარონ.

 

კომენტარები