ე.წ. კანონიერი ქურდები

ელისო კილაძე: პაატა ბურჭულაძეს კანონიერ ქურდთან აქვს კავშირები

გაზეთ ქრონიკა+-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პლატფორმა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის, პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, კილაძის თქმით, ონიანის შვილის ნათლობაა ასახული. კილაძე კადრების გადაღების თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ ბურჭულაძე ონიანის უახლოესი მეგობარი და შვილის ნათლიაა.

"პაატა ბურჭულაძე გახლავთ ცნობილი კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარი და მისი შვილის ნათლია. მინდა, კითხვები დავუსვა ახალი ბლოკის ლიდერებს ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს:

- მაინტერესებს, პაატა ბურჭულაძე სახელმწიფოს ხალხისთვის გვთავაზობს თუ არა სახელმწიფოს კანონიერი ქურდებისთვის?

- იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძე გახდება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ვინ მაძლევს მე, როგორც ერთ ამომრჩეველს და ჟურნალისტს იმის გარანტიას, რომ საქართველოს რეალური მმართველი არ გახდება ბურჭულაძის უახლოესი მეგობარი ტარიელ ონიანი?

მაინტერესებს ზურაბ ჯაფარიძის კომენტარი, როდესაც ნახავს ამ მაფიოზური წვეულების დეტალებს - რამდენად მისაღებია მისთვის მსგავსი ტიპის კამპანიასთან ერთად წინასაარჩევნო ფრონტზე ბრძოლა?

ასევე, მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებობს კანონი ქურდულ სამყაროსთან კავშირის თაობაზე. მაინტერესებს, აღძრავს თუ არა საქმეს პროკურატურა?", - ამბობს კილაძე.

კილაძისვე ინფორმაციით, კადრებში არა მხოლოდ ბურჭულაძე და ონიანი არიან, არამედ ჩანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის გიორგი ჩაკვეტაძის მამა, ბორის ჩაკვეტაძე, "რომელიც ასევე ახლო მეგობარია ტარიელ ონიანის და ქუთაისში ონიანის ბიზნესების განმკარგავი გახლავთ ბორის ჩაკვეტაძე".

როგორც კილაძე ამბობს, "საერთოდ არ მაინტერესებს, კადრები ძველია, თუ არა. ვიცი, რომ დღესაც აქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან".

კომენტარები