გაერო-ს გენერალური ასამბლეა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 29-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სესიის თემა მოსახლეობის ზრდისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის მოქმედების გეგმის დასახვა იყო.

თავის გამოსვლაში პრემიერმა ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე გაამახვილა.

"კონფლიქტის რამდენიმე ტალღის შედეგად საქართველოში 450.000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია. მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება უხეშად დარღვეულია, რადგან უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები არ გააჩნიათ", - განმარტა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე ხელისუფლების ძირითად მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მიზნებია. მისივე განმარტებით, ამ მიზნების მიღწევისთვის რამდენიმე განსხვავებული გეგმის იმპლემენტაცია უკვე ხდება.

უკვე მიღწეული წარმატებებიდან ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გამოყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე ამბულატორიული, სტაციონარული და სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტს ფლობს.

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროდან პრემიერმა შშმ პირების უფლებათა კონვენციაზე ისაუბრა, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტში 2013 წლის დეკემბერში მოხდა. ასევე, 2014-2020 წლებში ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლებში ადამიანის უფლებების ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის შემუშავება უნდა მოხდეს.

"მიუხედავად ამ მიღწევებისა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ გვახსოვს ყველა ის გამოწვევა, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის და მომავალი თაობებისთვის გარემოს დაცვისთვის არის საჭირო", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები