გაერო-ს გენერალური ასამბლეა

ივანიშვილი: ორჯერ ორი ოთხია, რომ გაერო-ს სხდომას პრემიერი უნდა დაესწროს

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს". როგორც ივანიშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, ორჯერ ორი ოთხია, რომ გაერო-ს სხდომას პრემიერი უნდა დაესწროს.

"ნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო-ს სხდომას ვინ დაესწრება. საპარლამენტო რესპუბლიკებიდან როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და კინკლაობა. ფონი უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავენ პრეზიდენტს, ამ დროს კი, ორჯერ ორი ოთხია - რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ. შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. იმ შეხვედრაზე, საიდანაც ამან მოწვევა მიიღო, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა მასაც წასვლა არ სდომებია - ზალკალიანი უნდა წასულიყო, ეს დაბალი დონის შეხვედრაა. საბოლოოდ, წავიდა ფანჯიკიძე იმიტომ, რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა" - აცხადებს ივანიშვილი და ამატებს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონფლიქტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურს.

"ნაციონალური მოძრაობა და ამ შემთხვევაში რუსთავი 2 მეორეხარისიხოვანია, იმდენად მდარე თემებია, იმდენად მარტივი თემაა საანალიზოდ. სად არის მედია, სად არის ჟურნალისტიკა, სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, რა უნდა ამის დალაგებას, სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდანაა მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არაა, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ პრემიერი გაემგზავრება. ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„მე მგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მიპატიჟებას, ამ წერილზე პასუხი პრეზიდენტის საქმეა და არა სხვა უწყებების. იმიტომ, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების შესაბამისი უნარი", - ამბობს პრეზიდენტი.

კომენტარები