გაერო-ს გენერალური ასამბლეა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით პრემიერი გამოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის წინაშე 26 სექტემბერს წარდგება, - ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესსამსახურის ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. უკვე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხზე სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება სამიტს კლიმატის ცვლილებების შესახებ და პლენარულ სხდომას „World Conference on Indigenous People".

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე „First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health“.

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი 23 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული კინოფესტივალის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება და სიტყვით გამოვა.

ნიუ იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 22 სექტემბერს გაემგზავრება.

კომენტარები