გაზპრომი

გაზპრომმა პოლონეთს და სლოვაკეთს გაზის მიწოდება შეუმცირა

REUTERS

პოლონეთის ნავთობკომპანია PGNIG-ის დირექტორის განცხადებით, გაზპრომმა პოლონეთისთვის გაზის მიწოდება კიდევ 45%-ით შეამცირა. გაზის შემცირება სამშაბათს, 8 სექტემბერს დაიწყო, როდესაც პოლონეთში დადგენილზე 20%-ით ნაკლები მოცულობის ბუნებრივი აირი შევიდა, ხოლო 9 სექტემბერს 24%-ით ნაკლები. მოცულობის შემცირება შეინიშნება უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან არსებულ საკონტროლო პუნქტებზე. დანაკარგის კომპენსირების მიზნით კომპანიას საწვავის გადაქაჩვა გერმანიისა და ჩეხეთის საზღვრებთან არსებული პუნქტებიდან უწევს.

გაზპრომის ხელმძღვანელობას მომხდარის მიზეზების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა უკმაყოფილებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უკრაინისთვის გაზის რევერსიული გზით მიწოდების თაობაზე არ მალავდა.

“ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას გაზს რევერსიულად აწოდებენ, გაზპრომის მხრიდან შესაძლოა შეზღუდვებს წააწყდნენ“, - აცხადებდა გაზპრომის ხელმძღვანელი 2014 წლის ივნისში.

შესაბამისად, პოლონეთის გზით უკრაინაში გაზის რევერსიული მიწოდებაც შემცირდა. უკრაინული ნავთობკომპანიის უკრანსტრანსგაზის ხელმძღვანელობის განცხადებით, 10 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინაში 1.3  მილიონი კუბური მეტრი გაზი შევიდა განსაზღვრული 3.8 მილიონი კუბური მეტრი გაზის ნაცვლად.

გარდა ამისა, რუსეთის ბაზარზე გაზის მონოპოლისტური კომპანია გაზპრომმა გაზის მიწოდება სლოვაკეთსაც შეუზღუდა. სლოვაკეთის ნაციონალური კომპანიის SPP-ის ხელმძღვანელობის თქმით, ოთხშაბათის, 10 სექტემბრის მდგომარეობით გაზის მოცულობა 10%-ით ნაკლები დაფიქსირდა. 10%მდე კლება შეინიშნებოდა ხუთშაბათს, 11 სექტემბერსაც. მოცულობის კლებას კომპანიის კლიენტებისთვის გაზის სრულფასოვნად მიწოდებაზე არ უმოქმედია.

კომენტარები