უკრაინის ხელისუფლება და პრორუსი ინტერვენტები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, პრორუსმა ინტერვენტებმა ზავი უკვე 10-ჯერ დაარღვიეს და სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. თუმცა, უკრაინელი ძალოვნები არ დაშავებულან. საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, დონეცკსა და მარიუპოლში მშვიდი ვითარებაა. ლისენკოსვე განცხადებით, სეპარატისტების ტყვეობაში ამ დრომდე 200-ზე მეტი ადამიანი რჩება.
თავის მხრივ, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერი ალექსანდრ ზახარჩენკო ზავის დარღვევაში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს. მისი თქმით, დღეს დილით უკრაინელებმა პუნქტ ამვროსიევკაზე ორი შეტევა განახორციელეს.
რუსეთი კი ევროკავშირის მიერი ახალი სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, საპასუხო მოქმედებებით იმუქრება. "თუ ევროკავშირი ახალ სანქციებს აამოქმედებს, მათ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება", - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. სანქციები, რომლის მიხედვითაც დამატებით 24 ადამიანი შავ სიაში შევა, ორშაბათიდან ამოქმედდება, თუმცა, დასავლელი ლიდერების განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან ჯარს გაიყვანს და ზავს არ დაარღვევს, სანქციები შეჩერდება.
უკრაინელებსა და პრორუს ინტერვენტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი გუშინ, მინსკში მოეწერა. აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებებს 2600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





