საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

ყიფიანი: საქართველო აღმოსავლეთ უკრაინიდან 130 ბავშვს ჩამოიყვანს

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის ინფორმაციით, საქართველო აღმოსავლეთ უკრაინიდან 130 ბავშვს ჩამოიყვანს.

"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავეხმაროთ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ დაზარალებულ ბავშვებს - გავგზავნოთ იქ თვითმფრინავი და ჩამოვიყვანოთ 130 ბავშვი თანმხლები პირებით. სია, კონკრეტულად რომელი რეგიონებიდან მოხდება ბავშვების ჩამოყვანა, დგინდება. პროცესში აქტიურადაა ჩართული როგორც ჩვენი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ასევე ჩვენი საელჩო უკრაინაში. ჩვენ მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს", - აღნიშნა ყიფიანმა.

აღსანიშნავია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 10 აგვისტოს მთავრობას მოუწოდა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ბავშვები ჩამოეყვანა. "შესაძლებელია, თუნდაც რამდენიმე ასეული ბავშვის ჩამოყვანა მოხდეს საქართველოში გარკვეული ხნით. ამის გაკეთება შესაძლებელია საზაფხულო ბანაკების ფორმითაც. ეს იქნება წმინდად ჰუმანიტარული ხასიათის აქცია. ეს იქნება მნიშვნელოვანი ჟესტი. ამას არ დასჭირდება დიდი თანხები ბიუჯეტიდან. ერთადერთი, რაც ამას სჭირდება, არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება", - ამბობდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

ნაციონალური მოძრაობის ზემოაღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ "არაგულწრფელი" უწოდა.

დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო ტვირთს გაგზავნის. "რაც შეეხება შემადგენლობას, განსაზღვრულია მედიკამენტების გაგზავნა, მათ შორის: დიაბეტის სამკურნალო წამლების, ანტიბიოტიკების, ბავშვებისთვის ვაქცინების, სახარჯი მასალის, ქირურგიული ნაკრებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთების", - აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები