უკრაინის კრიზისი

პუტინმა უკრაინაში მდგომარეობის დარეგულირების შვიდპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

რუსული სააგენტოს ИТАР ТАСС-ის ცნობით, პუტინის ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთირთობების დარეგულირების შესახებ შვიდი პუნქტისგან შედგება. ИТАР ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით კოორდინირებული მოქმედებებია საჭირო.

პუტინის ინიციატივა ითვალისწინებს:

1. ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით აღმოსავლეთ უკრაინის სამხედრო ფორმირებების აქტიური შეტევითი ოპერაციების შეწყვეტას.

2. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების ისეთ მანძილზე უკან დახევას, რომ ვერ განხორციელდეს დასახლებული პუნქტების დაბომბვა არტილერიით და ნებისმიერი სახის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან.

3. სრულფასოვანი და ობიექტური საერთაშორისო კონტროლის განხორციელებას, რომელიც დააკვირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესს და რეგიონში უსაფრთხოებას გაუწევს მონიტორინგს.

4. კონფლიქტის ზონაში დასახლებული პუნქტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საბრძოლო ავიაციის გამორიცხვას.

5. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ყველა იძულებით დაკავებული პირის ურთიერთგაცვლას.

6. კიევის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფალი მოძრაობის მიზნით კორიდორის გახსნას.

7. დაზიანებული სოციალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრაქტრუქტურის აღდგენის მიზნით, აღმოსავლეთ უკრაინაში სარემონტო ბრიგადების გაგზავნას.

პუტინი იმედოვნებს, რომ გეგმის საბოლოო დეტალებზე შეთანხმება უკრაინის ხელისუფლებასთან 5 სექტემბრისთვის მოხდება.

კომენტარები