ომი უკრაინაში

სერგეენკო: უკრაინაში დაზარალებულებს მედიკამენტებით და ტექნიკით დავეხმარებით

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში მცხოვრებ დაზარალებულებს დაეხმარება. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უთხრა, ის უკვე შეხვდა უკრაინელ კოლეგას. სერგეენკო აღნიშნავს, რომ ჩამოაყალიბეს და შეათანხმეს საბოლოო სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე მიმართულებისგან შედგება.

"ერთი მიმართულება არის იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარება, ვინც აღმოჩნდა ამ კონფლიქტისპირა არეალში და ვისაც შეეზღუდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება. ეს არის 300-ზე მეტი ადამიანი თირკმლის უკმარისობით და დიალიზის სახარჯი მასალა უკვე უმთავრდებათ. ჩვენ მივაშველებთ ამ მასალას. არიან დიაბეტით დაავადებულები, რომლებსაც მედიკამენტები უმთავრდებათ და ასევე ჩვენ დავეხმარებით, ასევე დავეხმარებით იქ მცხოვრები ბავშებისთვის ვაქცინების მიწოდებაში. რამეთუ ვაქცინაციის პროცესიც ჩავარდნილია", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ქართული მხარე უკრაინას ასევე დაეხმარება სამედიცინო დახმარების სპეციალური კომპაქტური აფთიაქებით.

"დავეხმარებით გარკვეული ტექნიკითაც, სავადმყოფოებისთვის გენერატორი გვთხოვეს და ამასაც მივაწვდით. ასევე შევთანხდით და ჩვენს სპეციალისტებთან ერთად უკვე ჩამოვაყალიბეთ საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც ექნება ერთმანეთთან მუდმივი კავშირი. საჭიროების შემთხვევაში, დღეს არ დგას ამის საჭიროება, მაგრამ თუ აღმოჩნდა, წამოვიყვანთ პაციენტების ნაწილს სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ საქართველოში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და დაამატა, რომ უკრაინელებს საჭირო მედიკამენტებსაც მიაწვდიან. 

"შევთნხმდით, რომ ამ გეგმის განხორციელებას უკვე დავიწყებთ, ხოლო შემდეგ საჭიროებებზე საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში გვექნება მუდმივი კომუნიკაცია და შევძლებთ, ოპერატიულად მივაწოდოთ სამედიცინო დახმარება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

კომენტარები