უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, რომელიც მინსკში გვიან ღამით გაიმართა, რაიმე პრინციპული შეთანხმება არ მოჰყოლია. შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენელთა, ბელარუსისა და ყახაზეთის პრეზიდენტებთან ერთობლივი მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა, პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო გეგმის თაობაზე კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მთავარი მიზანი, რისთვისაც მინსკში ჩამოვედით, მშვიდობაა. ჩვენ მკაცრად მივუთითეთ, რომ პირველ რიგში მიღწეულ უნდა იქნას შეთანხმება უკანონოდ დაკავებული უკრაინელების გათავისუფლების შესახებ და ძალიან სწრაფად უნდა ვნახოთ პროგრესი ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ უკრაინის საზღვრის ჩაკეტვის აუცილებლობაზე ტექნიკისა და დაქირავებულთა გადაადგილებისათვის. ამის თაობაზე მესაზღვრეთა და გენერალურ შტაბებს შორის კონსულტაციები გაიმართება. მესამე - სამშვიდობო გეგმის ბაზაზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით გაიმართება კონსულტაციები, თუ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ეუთოს დამკვირვებლები გააკონტროლებენ, რათა ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი იყოს", - აცხადებს პეტრო პოროშენკო.
თუმცა, ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შეუძლია, ვინაიდან რუსეთი დაპირისპირების მხარეს არ წარმოადგენს და კიევმა დიალოგი სეპარატისტებთან უნდა აწარმოოს. ასევე უარყო მან უკრაინაში კონფლიქტში რუსი სამხედროების მონაწილეობაც.
"საერთო ჯამში, ამ მოლაპარაკებას პოზიტიურად ვაფასებ. ეს შეხვედრა სასარგებლო იყო. თუმცა არ ვიცი, ბოლოს რა გამოვა. ჩვენი უკრაინელი კოლეგები ყველა ჩვენს არგუმენტს არ ეთანხმებიან, თუმცა ჩვენ შევთანხმდით, რომ ინტენსიურად გავცვლით მოსაზრებებს და ვეცდებით, გადაწყვეტილება მოვძებნოთ. როგორც მე გავიგე, ჩვენი ჯარისკაცები საზღვარს პატრულირებდნენ და შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე შესულიყვნენ. როდესაც უკრაინელი სამხედროები ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო მანქანებით გადმოდიოდნენ, ეს არ იყო პრობლემა. იმედი მაქვს, უკრაინის მხარეც ამისგან პრობლემას არ შექმნის", - აცხადებს პუტინი.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთიდან შემოჭრილი ნაწილები უკრაინის ზღვისპირა რეგიონში, მარიუპოლის მახლობლად პოზიციების დაკავებას განაგრძობენ. რუსული არტილერია უკრაინელი სამხედროების პოზიციებს და ქალაქ ნოვოაზოვსკს ბომბავს. ჭურვებისგან ადგილობრივი საავადმყოფო დაზიანდა და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
რუსული ძალების შეჭრის შედეგად დონეცკის ოლქში უკრაინული სამხედრო ნაწილების მდგომარეობა გართულდა. ქალაქ ილოვაისკის მიდამოებში უკრაინული ქვედანაყოფები ფაქტობრივად ალყაში მოექცნენ. ქალაქში მყოფი მოხალისეთა ბატალიონები ოპერაციის სარდლობისგან დახმარებას ითხოვენ. უკრაინის უშიშროების საბჭოს ცნობით, რუსული ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან გრძელდება, ოკუპანტები ყირიმშიც გააქტიურდნენ.




